"საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია", - ამ სახელწოდებით დღეს, 21 მაისს, 19:30 საათზე თბილისში მორიგი აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს "დაიწყება ის პროცესი, რომელიც ჩვენი გმირების საქმის გაგრძელება იქნება".
ამ დღეების განმავლობაში, ყველამ ვიხილეთ საქართველოს გარუსების მცდელობები, დაწყებული სანქცირებული ავიახაზებისთვის ფრენის დაშვების უფლება, ასევე ქართული ავიახაზების ზარ-ზეიმით ამის ცნობა, ამას მოჰყვა მოღალატე ადამიანების, ჩვენს მტერ მეზობელ რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ანონსი, მაშინ როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო, აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების მკვლელობას, მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20%, ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვთ.
გუშინ ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გამალებით იცავდა საქართველოს მოღალატე ხელისუფლება სანქცირებული ლავროვის, სანქცირებულ ოჯახს და ძალ-ღონეს არ იშურებდა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად ჩასულ აქტივისტების დარბევისა და დაჭერისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ნათლად ვნახეთ ქართული ოცნების რეალური სახე - "მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი". დასავლელი პარტნიორების მისამართით აგორებული ბინძური კამპანიის პარალელურად, "ომის შიშით" გამართლებული, "რუსეთის არ გაღიზიანების" პოლიტიკის გაგრძელება, რომლის ერთადერთი მიზანი, ჩვენი რუსეთის გუბერნიად ქცევაა და ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას, არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს დავუშვათ ეს, არანაირი უფლება არ გვაქვს მოღალატე ხელისუფლება, რომელიც გარუსების პოლიტიკას ეწევა, დავტოვოთ ხელისუფლებაში, ჩვენ აუცილებლად მიყვანთ მარტში დაწყებულ პროცესებს ბოლომდე და გავუშვებთ "რუსულ ოცნებას" ყველასთვის ნაცნობი, "რუსული გემის" მიმართულებით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა დიდისა თუ პატარის, ქალისა თუ კაცისა. ამიტომ დღეს ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით პარლამენტთან 19:30 საათზე და დავიწყებთ იმ პროცესს, რომელიც ჩვენი გმირების საქმის გაგრძელება იქნება, რომლებმაც თავისი სისხლი და ხორცი გასცეს ამ ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ძალა ერთობაშია!!!" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი გუშინ, 20 მაისს შეასრულა.
გუშინ ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა - დილიდან სასტუმროს მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი.
ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ ქორწილისთვის ჩამოსულმა რუსმა ოჯახმა, ტერიტორია დატოვა.
მოგვიანებით, ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის თანახმადაც, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა, თუმცა თავად სასტუმრო ინფორმაციას არ ადასტურებს.